სასამართლოს მეგობრის მოსაზრება გონივრული მისადაგების პრინციპთან დაკავშირებით
2022 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
სარჩელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა ვერ შეძლო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული განათლების მიღება. ასევე, დაწესებულებამ ბავშვის დედას რეკომენდაცია მისცა - სწავლების პროცესში ბავშვისთვის სპეციალური მასწავლებელი დაექირავებინა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაუცველობის და დისკრიმინაციული მოპყრობის მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, დახმარება გაუწიოს სასამართლოს გონივრულ მისადაგებაზე სავარაუდო უარის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის იდენტიფიცირებაში. დისკრიმინაციის ეს ფორმა, შედარებით ახალია ქართულ კანონმდებლობაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორად ამოიცნოს მისი ელემენტები და ხელი შეუწყოს გამართული პრაქტიკის დანერგვას. სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში სახალხო დამცველმა მიმოიხილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული მიდგომები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენციითა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტები. ასევე, დოკუმენტში ყურადღება გამახვილდა გონივრული მისადაგების გამოყენების მნიშვნელობასა და მის ელემენტებზეც.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ გამოიკვლიოს მიაწოდა თუ არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ბავშვს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურება. კერძოდ, იყო თუ არა სასწავლო პროცესი ინკლუზიური და ხდებოდა თუ არა საგაკვეთილო მასალების/აქტივობების მოდიფიცირება იმგვარად, რომ, სხვა ბავშვების მსგავსად, მასაც შესძლებოდა შესაბამისი განათლების მიღება; ამასთან, გონივრული მისადაგების ვალდებულების ფარგლებში, მოსარჩელისთვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული მომსახურების მიწოდება, მოპასუხისთვის წარმოშობდა თუ არა გაუმართლებელ სირთულეებსა და არაპროპორციულად დიდ ხარჯებს.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებზე.