შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან
2022 წლის 22 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
ადამიანის უფლებათა კომისარი დაინტერესდა ქვეყანაში თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობით, მათ შორის, რელიგიური უმცირესობების, ასევე, ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა პრობლემებით; გაეცნო შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს.
სახალხო დამცველმა დუნია მიატოვიჩს ინფორმაცია მიაწოდა გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ისაუბრა მედია თავისუფლების ხარისხზე, ჟურნალისტთა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ჩადენილ დანაშაულებებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე და ზოგადად, მართლმსაჯულების ხარვეზებზე ქვეყანაში.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა ის მუდმივი საფრთხეები განიხილა, რომლებიც ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობას წარმოაჩენს. ისაუბრა დევნილთა მძიმე მდგომარეობაზე და მათი უსაფრთხო განსახლების პროცესის გაჭიანურებაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.