ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოსაზრებები საქართველოს მიერ ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა - ევროპის სოციალური ქარტიის იმ მუხლების თაობაზე, რომელთა რატიფიცირებაც საქართველომ არ მოახდინა, სახელმწიფოს მიერ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარები წარუდგინა სოციალური უფლებების ევროპულ კომიტეტს.

სახალხო დამცველმა დოკუმენტში არარატიფიცირებულ მუხლებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა და ალტერნატიული შეფასებები წარმოადგინა.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს ხელშეკრულებაა, რომლითაც გარანტირებულია ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ქარტიით  გათვალისწინებული უფლებები თითოეულ ადამიანს, მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება და დაკავშირებულია დასაქმებასთან, საცხოვრებელთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან და კეთილდღეობასთან.

ქარტიით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილია, ხელშეკრულების რატიფიკაციის პარალელურად, უარი თქვას მისი ცალკეული მუხლებისა და პუნქტების მიღებაზე. ქარტიაში არსებული უფლების დამდგენი 31 მუხლიდან საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს 18 მუხლი, ხოლო რატიფიცირებული მუხლებიდან საქართველომ უარი თქვა მიერთებოდა 26 პუნქტს, ქარტიის კონკრეტულ დებულებებს. ამდენად, საქართველო ქარტიის რატიფიცირებული დებულებების მიხედვით, ევროპაში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებლის მქონეა.

2002 წლიდან, სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტი, ასევე განიხილავს წევრ ქვეყნებში მათ მიერ ქარტიის არარატიფიცირებულ დებულებათა თაობაზე არსებულ მდგომარეობასაც. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი მოხსენებების საფუძველზე, ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას კომიტეტი ხუთ წელიწადში ერთხელ, ამოწმებს. მიმდინარე წელს საქართველომ კომიტეტს არარატიფიცირებულ ნორმებზე მეოთხე ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველი, ევროპის სოციალური ქარტიით აღიარებული უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ქარტიის არარატიფიცირებული ნორმების რატიფიცირებისკენ მოუწოდებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)