სახალხო დამცველის განცხადება 10 ნოემბერს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, დღეს, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, 46 პირის დაკავების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი.
დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება.