სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთს ოფისს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ეწვია
2020 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთს ოფისს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან სალომე ყულჯანიშვილთან და ანდრანიკ ბაღდასარიანთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობასა და ძირითად გამოწვევებზე. ხაზი გაუსვეს პანდემიის დროს გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის, განათლების უფლების შეზღუდვას, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა შრომის რისკების გაზრდას, რომელიც შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის თანმდევი შედეგი იყოს.
ასევე განიხილეს სამცხე-ჯავახეთში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი აქტივობები.