საქართველოს სახალხო დამცველის საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას სიცოცხლის უფლების დაცვის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საგანგებოდ მიმართავს საქართველოს სახელმწიფოს და მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ 17 აპრილიდან შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა თავყრილობის შეზღუდვას და შესაბამისად, კვლავ რისკის ქვეშ ტოვებს ვირუსის ფართოდ გავრცელებას.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის და სხვა წარმომადგენელთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების თანახმად, საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების საფრთხე, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს. მათი შეფასებით, განსაკუთრებულად მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების დროს, რადგან გარკვეული რაოდენობის ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი შესაბამისი სიმპტომები და არ იციან წარმოადგენენ თუ არა ვირუსის მატარებლებს. ასეთი ადამიანების რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა კი ვირუსის გადადების დიდ რისკებს შეიცავს, რაც გარკვეული კატეგორიის პირთათვის მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.
გასათვალისწინებელია ასევე ჯანდაცვის სისტემის ლიმიტირებული და ამოწურვადი ადამიანური რესურსები, რის გამოც ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას გაუძნელდება პაციენტთა სიცოცხლის შენარჩუნება და მკურნალობა.[1] აღნიშნულ რისკებს განსაკუთრებულად ზრდის 2020 წლის 15 აპრილს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება.
საგანგაშო ეპიდემიოლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მხედველობაში მიიღოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების მოწოდებები და სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესასრულებლად, რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს სხვა დამატებითი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა განუხრელი დაცვით არის მხოლოდ შესაძლებელი საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა.
[1] < https://netgazeti.ge/news/443505/ >; < https://netgazeti.ge/news/443506/ >