საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. აღნიშნულმა ფაქტებმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.
საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე.1 თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.
საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ,2 რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება.3
ამრიგად, სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.
დამატებით, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.
1ადამიანის უფლებათა ცენტრი, „შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“, თბილისი, 2016, 10-12.
2იხ. მაგ.: ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, 25091/07, პარ. 269-275; Ali and Ayşe Duran v. Turkey, 42942/02, პარ. 69.
3იხ. მაგ.: Marguš v. Croatia, 4455/10, პარ. 127.