საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის
2025 წლის სექტემბრის თვეში სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. ღონისძიებებს ესწრებოდნენ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები.
საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წახალისებას, კიდევ უფრო აქტიურად შეუსაბამონ საქმიანობა თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს. მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს თანასწორობის მიმართულებით, სახალხო დამცველისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროების თემაზე, მათ შორის, საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციაზე და შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებზე.
სახალხო დამცველის აპარატი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსგავსი ტიპის აქტივობებს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ქვეყანაში თანასწორობის მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და აგრძელებს სხვადასხვა ჯგუფზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო საქმიანობას.