ახალი ამბები

კონფერენცია სკოლამდელი, ინკლუზიური და ზოგადი განათლების საკითხებზე

2025 წლის 17 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში, რომელზეც სკოლამდელი ინკლუზიური და ზოგადი განათლების საფეხურზე- მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და კოორდინირებული მუშაობის საკითხებზე, რაც პროცესში, როგორც პედაგოგების და პროფესიული ჯგუფების, ისე მშობლების ჩართულობას გულისხმობს.

" წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე ბევრი სერიოზული გამოწვევაა სფეროში, რაც სახალხო დამცველს იდენტიფიცირებული აქვს მისი საქმიანობის ფარგლებში.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია რეგიონებში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დეფიციტი. ასევე საჭიროა დასაქმებული პერსონალის ცნობიერების ამაღლება, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე ბავშვთა წვდომის გაუმჯობესება და ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ეფექტიანი მონიტორინგი. მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მქონე აღსაზრდელების სათანადოდ გამოვლენა და შესაბამის სერვისებში რეფერირება.

რაც შეეხება ზოგად განათლებას, მნიშვნელოვანია სსსმ მოსწავლეების სწავლების პროცესში თანამედროვე დამხმარე ტექნოლოგიების, ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება და ინდივიდუალიზებული მხარდამჭერი სერვისების გაძლიერება. საჭიროა სკოლებში პროფესიული სუპერვიზიის, ინკლუზიური განათლების პროცესის კოორდინაციისა და შიდა მონიტორინგის გაძლიერება. გამოწვევაა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფების წევრებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ამ პროცესში შშმ ბავშვების მშობლების ჩართულობის ზრდა." განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)