წინადადებები

სახალხო დამცველის წინადადება 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა 2023 წლის 13 ივნისს წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს - თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდის თაობაზე.

წინადადებაში აღნიშნულია, რომ მზარდი ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების ფონზე, 9 აპრილის საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულ მონაწილეთათვის მოქმედი რეგულაციით გათვალისწინებული ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობად არ შეიძლება ჩაითვალოს. კერძოდ, 9 აპრილის შედეგად დაზარალებულთა სუბსიდია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 44 ლარს, ხოლო სხვა პირებისთვის 22 ლარს შეადგენს. აღნიშნული სუბსიდიის სიმცირე მკვეთრად აკნინებს 9 აპრილის მონაწილეთა დამსახურებას ქართული სახელმწიფოს წინაშე და არ აქცევს მათ განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ, რაც რეგლამენტირებულია „ქალაქ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულით.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრემიერ მინისტრს „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების მე-4 მუხლის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის გაზრდის შესაძლებლობის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)