სიახლეები

შეკრებების მონიტორინგის კურსი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის

2025 წლის 22-23 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შეკრებების მონიტორინგის დაკვირვების კურსი ჩაატარა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და ეუთო/ოდირის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მოქმედმა უფროსმა ენდრიუ გარდნერმა.

ტრენინგის მონაწილეებმა ეუთო/ოდირის მიერ შემუშავებული შეკრებების მონიტორინგის აპრობირებული მეთოდოლოგიის საფუძველზე გაიღრმავეს საჯარო შეკრებებზე დამოუკიდებელი დაკვირვებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

ორდღიანი ინტერაქციული კურსის დროს საერთაშორისო ექსპერტებმა ანეტ ერდმანმა, გერი ვაიტმა და ჰელენ კლოუზმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობიანი შეკრების უფლების და შეკრებების დროს ადამიანის უფლებებთან შესაბამისი საპოლიციო საქმიანობის თეორიულ ასპექტებზე; აქციათა შეფასების სტანდარტებზე.

ტრენინგის მეორე დღეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამუშაო ჯგუფებში კაზუსები და სავარჯიშოები, ასევე სამართალდამცავების ხელთ არსებული ტაქტიკური ვარიანტები და შეკრების დროს ძალის გამოყენების საკითხები განიხილეს.

მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გარანტირებული. ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ თავიანთი შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაში დახმარების მიზნით, ეუთო/ოდირი 2011 წლიდან ახორციელებს საჯარო შეკრებებზე დაკვირვებას ეუთოს რეგიონის ქვეყნებში. გარდა ამისა, ორგანიზაცია სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის გამოყენებით ეხმარება ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს/ომბუდსმენის ოფისებს და სამოქალაქო საზოგადოებას შეკრებების მონიტორინგის უნარების გაძლიერებაში და ხელს უწყობს თანამშრომლობას და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)