საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადება ბავშვის უფლებათა სწავლების თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი შეისწავლა და შეაფასა. გამოიკვეთა, რომ ადამიანის უფლებათა, ბავშვის უფლებათა ან/და დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ სწავლების შესაძლებლობა არ არის დანერგილი პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარჩო დოკუმენტში ბავშვის უფლებათა შესახებ მოდულის ინტეგრირების წინადადებით მიმართა.
ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის საბჭოსა და გაეროს სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია სკოლამდელი განათლების აღმზრდელის საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა სავალდებულო მოდულის სახით სწავლება. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა პროგრამის განხორციელებაში ჩართული მასწავლებლების განგრძობადი გადამზადება.
მისასალმებელია წინადადების პასუხად წარმოდგენილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს პოზიცია, რომლითაც აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვის უფლებათა შესახებ სავალდებულო მოდულის ინტეგრირებაა გათვალისწინებული. ცვლილებების შემდგომ კი სწავლებაში ჩართული მასწავლებლების მხარდამჭერი საგანმანათლებლო ღონისძიებები დაიგეგმება.