ტრენინგი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის
2025 წლის 28 მაისს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ტრენინგი ჩაუტარეს რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს, მათ შორის, იურისტებსა და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის თანასწორობის საკითებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, რათა კიდევ უფრო მეტად შეუსაბამონ თავიანთი საქმიანობა თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს.
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, სიღრმისეულად გაცნობოდნენ თანასწორობის უფლების არსს, ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებს და ამ მიმართულებით, სახალხო დამცველის, როგორც ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის მანდატს. გარდა თეორიული მიმოხილვისა, ტრენინგი ორიენტირებული იყო მონაწილეებზე მორგებული პრაქტიკული საკითხების დაფარვაზე. ამ მიზნით, მათ ინფორმაცია მიიღეს უშუალოდ სამედიცინო სფეროში იდენტიფიცირებულ დისკრიმინაციულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან მონაწილეები დასაქმებულებთან სამართლებრივი ურთიერთობების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ და, ამავდროულად, თავადაც არიან დასაქმებულები, ყურადღება გამახვილდა, აგრეთვე, შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის საკითხებზე და სექსუალურ შევიწროებაზე.
ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მსგავსი ტიპის აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანასწორობის მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება მზაობა, გაიღრმავოს ცოდნა თანასწორობის საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს დისკრიმინაციის პრევენციაში.