შეხვედრა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებთან
2023 წლის 19-20 ნოემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გენდერული თანასწორობის საკითხებზე შემუშავებული სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები განიხილეს და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მონაწილეები გაეცნენ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შეფასების კვლევას, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს და მათ გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებს, სახალხო დამცველის აპარატში არსებული ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის და ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების საქმეთა ანალიზის მიგნებებს.
განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, პარლამენტისთვის, მათ შორის, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოსთვის გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, იმსჯელეს იდენტიფიცირებული პრობლემების და კვლევების ფარგლებში სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე.
მნიშვნელოვანია, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, პერიოდულად გაეცნონ სახალხო დამცველის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, რაც მათ შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება.