გლობალური კამპანია „მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის“
2014 წლის 14 თებერვალს სრულიად მსოფლიო ერთიანდება გლობალური კამპანიის „მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის“ ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.
კამპანიის ფარგლებში, ქალები გამოდიან სახლებიდან, სამსახურებიდან და ცეკვით ერთიანდებიან, რათა მთელმა მსოფლიომ იხილოს მათი ერთიანობა და ძალისხმევა სამართლიანობის აღდგენის, ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისთვის.
საქართველოში უკვე მეორე წელია აღინიშნება ეს დღე და საზოგადოება მშვიდობიანი პერფორმანსის გზით უერთდება მსოფლიო მოწოდებას სამართლიანობისათვის. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. რისი მიღწევაც შესაძლებელია კამპანიაში საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფით, რადგან კამპანიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები სწორედ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ქალთა მოძრაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ძალადობის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის ბრძოლაა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და უერთდება მილიარდ ამბოხებულთა კამპანიას. დღეს, როცა მრავალი ქალი - შევიწროებული და დამცირებული, ცხოვრობს ძალადობრივ გარემოში, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი ფორმებით დავგმოთ ძალადობა, გამოვხატოთ თანადგომა და გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.