თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ჰომოფობიურ და სხვა ადამიანის უფლებებთან პრინციპულად შეუსაბამო ფრაზებს სამედიცინო კურსის სახელმძღვანელოებიდან ამოიღებენ.
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა შესახებ განათლებას სწავლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამასთან, ხაზს უსვამს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს და პასუხისმგებლობას - ცოდნის გაზიარების პროცესში, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება.
სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კურსების - „სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართლის“ და „ბიოეთიკის“ სავალდებულო სასწავლო სახელმძღვანელოების ადამიანის უფლებათა სწავლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგება ააიპ „თანასწორობის მოძრაობის“ და ააიპ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებების საფუძველზე შეაფასა.
სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში შეცვლილიყო სახელმძღვანელოების შინაარსი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის განხილვის შედეგებიდან იკვეთება, რომ სასწავლო კურის - „ბიოეთიკის“ ფარგლებში გამოყენებული სახელმძღვანელო უკვე შეიცვალა, ხოლო „სასამართლო მედიცინისა და საექიმო სამართალის“ საგნისთვის სახელმძღვანელო მომზადებულია და მის დასანერგად ადმინისტრაციული პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციის გაზიარების ძალიან კარგი პრეცენდენტი სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.