ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ 3 დღიან სემინარში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტისა და ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლებმა ანი სალდაძემ და გიორგი მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონულ სემინარებში - „თანასწორობის ორგანოების საქმიანობის გაძლიერება დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“ და „რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“. ღონისძიებების მიზანი იყო თანასწორობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება და დისკრიმინაციისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე, პრაქტიკული მიდგომების გაზიარება.

რეგიონული სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს დისკრიმინაციის მსხვერპლთა დაცვისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ასევე, რასიზმის, სიძულვილის ენისა და ინტერსექციური დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის პრაქტიკულ მეთოდებზე. ამასთან, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ეროვნულ დონეზე დისკრიმინაციისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებთან, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან დაკავშირებით.

სემინარები ევროპის საბჭოს სასწავლო კურსის - „რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა: სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და თანასწორობის ორგანოებიდან მომავალი ტრენერების მომზადება“ დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა 7 თვიანი სასწავლო კურსიც გაიარეს და აქტიურად იყვნენ ჩართულები კურსის აქტივობებში.

რეგიონული სემინარები 2025 წლის 27–29 ოქტომბერს ქალაქ სტრასბურგში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)