სახალხო დამცველის განცხადება ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება.
იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.