ახალი ამბები

სახალხო დამცველი იოსებ გოგაშვილის განცხადებებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 11 აგვისტოს ბრალდებულ იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს (https://bit.ly/3zONri8), რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატის განცხადებით (https://bit.ly/3wmVYbd), იგი რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთგზის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა განახორციელა. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ცნობილია სატელეფონო ნომრები, რომლითაც გასაუბრება მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად,[1] სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება. ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.


[1] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)