სახალხო დამცველი 7 ნოემბერს რეზინის ტყვიების გამოყენებისათვის წინასწარი გამოძიების დაწყებას იწყებს
სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ძალის შეუსაბამო გამოყენების და უკანონო ქმედებებისთვის წინასწარი გამოძიების დაწყება მოსთხოვა. პარლამენტის შენობის წინ, რიყესა და ტელეკომპანია „იმედთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას არ არსებობდა რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი უფლება.
„პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლში ამომწურავად არის ჩამოთვლილი სპეციალური საშუალებების სახეები. მათ შორის გვხვდება რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წყალსატყორცნი. * ჩამონათვალში არ არის რეზინის ტყვია. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებელია კანონით გაუთვალისწინებელი სხვა იძულების სპეციალური საშუალების გამოყენება.
„პოლიციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნულია, რომ „სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.“
ვინაიდან, მე-12 მუხლი არ ითვალისწინებს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიის გამოყენების უფლებამოსილებას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი და შესაბამისად, აკრძალული საშუალების გამოყენებით შინაგან საქმეთა ორგანოებმა გადაამეტეს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას არა მხოლოდ რიგითი სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ შეიძინა რეზინის ტყვიები და ბრძანება გასცა მისი გამოყენების შესახებ.
რეზინის ტყვიების გამოყენების მართლზომიერების დასასაბუთებლად შეუძლებელია ევროპის წამყვანი სახელმწიფოების პრაქტიკაზე მითითება, სადაც მისი გამოყენება პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით. ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების დროს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას წარმოადგენს, რომელსაც კანონით უნდა განესაზღვრა რეზინის ტყვიის გამოყენების შესაძლებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და მასში შემავალ გასამხედროებულ ნაწილებს, ეკისრებათ კანონის ზუსტი აღსრულების ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ აკრძალულია ადამიანის მიმართ ნებისმიერი კანონით გაუთვალისწინებელი საშუალების გამოყენება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხდება ძალის გამოყენება.
სახელმწიფოს გააჩნია მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. იმავდროულად ძალის გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული იძულების ღონისძიებებით რომლებიც პირდაპირ, ნათლად და არაორაზროვნად უნდა იყოს განსაზღვრული კანონით. „პოლიციის შესახებ“ კანონი კი საერთოდ არ განსაზღვრავს რეზინის ტყვიის გამოყენების შესაძლებლობას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციის არსენალში რეზინის ტყვიის მოხვედრა თავისთავად უკვე წარმოადგენს კანონდარღვევას. შესაბამისად, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული იმ საკითხის განხილვა, რამდენად ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რამდენად აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა მისი გამოყენება თითოეულ კონკრეტულ სიტუაციაში.
ამგვარად, რეზინის ტყვიის გამოყენების ფაქტი, სხვა გარემოებების მტკიცების გარეშე წარმოადგენს გადამეტებული ძალის გამოყენებას. რეზინის ტყვიების გამოყენება მოქალაქეთა მიმართ წარმოადგენს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას - ქმედება გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.
„სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა მის ხელთა არსებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურორს გაუგზავნა და წინასწარი გამოძიების დაწყება მოითხოვა.
* * *
სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს ჟურნალისტებს, რომლებიც აქციის დარბევისას სამართალდამცავთა მიერ ძალის გამოყენების დროს დაშავდნენ.
* გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტმა ნინო სილაგაძემ განაცხადა, რომ რიყეზე, საპროტესტო აქციის დაშლისას მას სპეცრაზმელებმა დამიზნებით ესროლეს ტყვიები. ნინო სილაგაძეს ერთი ტყვია კისრის არეში, მეორე - ფეხზე მოხვდა.
* ტვ იმედის საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ჟურნალისტი ლაშა მიქაძე რამდენიმე კოლეგასთან ერთად ლუბლიანას ქუჩის მხრიდან ტოვებდა ტელეკომპანია „იმედის“ შენობას, სადაც მათ დახვდათ სპეცრაზმი, რომელმაც გაფრთხილების გარეშე გაუშვა ცრემლსადენი გაზი. ლაშა მიქაძე გაიქცა, თუმცა გასროლილი რეზინის ტყვია მას მაინც მოხდა. რეზინის ტყვიები ესროლეს ცხრა თვის ფეხმძიმე დიანა ტრაპაიძესაც, რომელიც ლაშა მიქაძის გვერდით მირბოდა.
* „ქრონიკის“ ჟურნალისტები ლევან ჯავახიშვილი და სოფო მოსიძე საეთეროში იმყოფებოდნენ, როცა კარი შემოამტვრიეს და საეთეროში საგრიმიოროდან ცემითა და გინებით შეათრიეს ვიზაჟისტი ნათია ქარქაშაძე. ერთ-ერთი სპეცრაზმელი საეთეროში მყოფ სხვა ადამიანებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, საეთეროში მყოფი თხუთმეტი ადამიანი ჩაიყვანეს პირველ სართულზე, სადაც ლევან ჯავახიშვილმა დაინახა იატაკზე დაწოლილი თავისი კოლეგები, რომელთაც თავის მხარეს ცეცხლსასროლი იარაღის ლულები ჰქონდათ დამიზნებული. ერთ-ერთი სპეცრაზმელი ტელეკომპანიის თანამშრომელ ქალებს „ბადრის პუტანკებს“ უწოდებდა. სპეცრაზმელმა ლევან ჯავახიშვილს იარაღი მოუღერა და „ბადრის ლეკვი“ უწოდა. გარეთ გამოსულ ლევან ჯავახიშვილს უარი უთხრეს მისი კუთვნილი ავტომანქანით სარგებლობაზე და ორი რეზინის ტყვია ფეხებში, ხოლო ორიც ზურგში ესროლეს. სპეცდანიშნულების რაზმმა გაქცეულ ჟურნალისტს ღუდუშაურის კლინიკის ტერიტორიამდე სდია. ლევან ჯავახიშვილი არ აპირებდა აქციაში მონაწილეობას, მის მიმართ დადევნება გამოწვეული იყო არა წესრიგის დაცვის, არამედ ანგარიშსწორების მოტივით.
* ტელეკომპანია „იმედის“ უცხოეთის განყოფილების ხელმძღვანელი ამირან კუპატაძე და მისი კოლეგები სამუშაო ოთახში შევარდნილმა სპეცრაზმმა დააწვინა იატაკზე. ოცი წუთის შემდეგ მათ შენობის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა ლუბლიანას ქუჩაზე გამოსულებს სხვა სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიები დაუშინეს. ამირან კუპატაძეს ორი ტყვია მოხვდა ზურგის არეში.
* სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრისას, შენობაში არ იმყოფებოდა „ტელეიმედის“ კადრების ინსპექტორი მაია ანთელავა. იგი ინფორმაციის მიღებისთანავე გაეშურა ტელევიზიის შენობისაკენ. შენობასთან ყვითელ ლაბადიანმა და ნიღბიანმა ადამიანებმა, რომელთაც ანთელავამ შენობის შიგნით თავისუფლებააღკვეთილი კოლეგების ბედზე ჰკითხა, ხელკეტი მოუღერეს და „ურიის ბოზი“ უწოდეს. შინაგან საქმეთა ორგანოს წარმომადგენლები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა ადამიანებსაც. ერთ-ერთს ავტომანქანაც დაუზიანეს. პოლიციელმა მაია ანთელავას მხარში ხელკეტი დაარტყა შემდეგ კი გაქცეულს ექვსი ტყვია მოარტყა. კოჭთან მოხვედრილმა ტყვიამ იგი წააქცია. მაია ანთელავას უჭირს ფეხით გადაადგილება.
* ზაალ წულუკიძე, გადაცემების „იმედის დილისა“ და „ვინიგრეტის“ წამყვანს და სხვა თანამშრომლებს ნიღბიანებმა ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და 15 წუთი დააყენეს პირით კედელთან. შემდეგ გაიყვანეს ეზოში. წულუკიძემ დატოვა იმედის შენობის ეზო და გაიქცა, თუმცა მაინც დაიჭრა მარჯვენა დუნდულის არეში რეზინის ტყვიით. როგორც ზაალ წულუკიძე აცხადებს, მას უკან 100-მდე ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმელი მოსდევდა. წულუკიძემ გამოქცევა მხოლოდ ერთ-ერთი მოქალაქის დახმარებით შესძლო.