საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება
2019 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს ან/და იგეგმება მათი გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ მათი განსხვავებული მოსაზრებაა.
გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 2019 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება. თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას. რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად.