საქართველოს სახალხო დამცველი „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრის თაობაზე 2019 წლის 31 მაისს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. სამინისტროს განმარტებით, დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ორგანიზატორთა ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან მათი სათანადო დაცვა.
იმ შემთხვევაში თუ სახეზეა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძველი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება დაასაბუთოს, რომ შეზღუდვა ემსახურება კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევას, მისი გამოყენება აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, არის არადისკრიმინაციული და პროპორციულად შემზღუდველი და წარმოადგენს იმგვარ საშუალებას, რომლის გამოყენებით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ზოგადი განცხადება, სამწუხაროდ, ვერ იქნება მიჩნეული ასეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ+ თემს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა, რაც მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში არსებულ მაღალ ჰომოფობიურ ფონთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ამგვარი განწყობის შემცირებას.[1]
ლგბტ+ თემისა და მათი უფლებადამცველების მხრიდან შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზების მიზნით, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების ვალდებულებაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც 2015 წლის გადაწყვეტილებაში „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს, 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, „ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“ გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით იკვეთება, რომ როდესაც შეკრების მიმდინარეობისას ქუჩის შეტაკებების მაღალი მოლოდინი არსებობს, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული ნაბიჯია სამართალდამცავთა მაღალი რაოდენობის პირადი შემადგენლობის, მათ შორის, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის, მობილიზება.[2]
ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე აწარმოოს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მოქალაქეთა მხრიდან მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სრულფასოვანი რეალიზება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უფლების განხორციელება შეიზღუდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს. ამასთან, დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესასრულებლად, მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს კომუნიკაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან.
სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ლგბტ+ თემის განცხადებით, შსს-ს არა აქვს მათთან სათანადო კომუნიკაცია და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს ამ პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მხარეებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა.
[1] მსგავსი პოზიცია დაფიქსირებულია აგრეთვე „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში, გვ. 171, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2USUtgz> [ბოლოს ნანახია: 03.06.2019].
[2] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, პარ. 99.