რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაციები ყვარლისა და ონის მუნიციპალიტეტების მერებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შესახებ

2019 წლის 1 და 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ყვარლისა და ონის მუნიციპალიტეტების მერებს სოფელ თივსა და სოფელ გლოლაში მცხოვრები ბავშვებისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობისა და საბავშვო ბაღით უზრუნველყოფის რეკომენდაციებით მიმართა.

ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელ თივში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაგა-ბაღი. მოსახლეობა სოფელში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გახსნას ითხოვს, სადაც ბავშვები სახელმწიფო ენასაც შეისწავლიან და სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურებასაც მიიღებენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სოფელში მოქმედი სკოლამდელი განათლების მოსამზადებელი ალტერნატიული სასწავლო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და საძინებლით და ქვეყანაში დაწესებულ სტანდარტებს არ მიესადაგება.

სოფელ გლოლაში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შენობა გარემონტებულია, მაგრამ სპეციალური პერსონალის არარსებობის გამო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები არ მოქმედებს. შესაბამისად, მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც არ უზრუნველყოფს აღსაზრდელების კვებასა და ძილს.

ცხადია, რომ სოფელ თივსა და სოფელ გლოლაში მცხოვრები ბავშვები ვერ სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უფლებით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ბიუჯეტიდან დროულად უნდა გამოყონ საჭირო სახსრები საბავშვო ბაღების ფუნქციონირების, ასევე სკოლამდელი განათლების ცენტრების სათანადო ინვენტარითა და პერსონალით უზრუნველყოფის მიზნით, რათა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საყოველთაო, უფასო და სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)