რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის პრობლემებზე

2019 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობისა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სკოლის ინფრასტრუქტურული გარემო შეუთავსებელია სასწავლო პროცესთან: შენობა ავარიულია, რამდენიმე ადგილას ჩანგრეულია იატაკი და ჭერი, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს სკოლის საპირფარეშო, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი და შიდა გზები სრულიად ამორტიზებულია, მუნიციპალიტეტის ნაგვის მანქანები ვერ ადიან ნარჩენების წამოსაღებად. შესაბამისად, ბავშვებისა და პერსონალის ფიზიკური უსაფრთხოება სკოლაში დაცული არ არის, რის გამოც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და ბავშვები განათლების სისტემის მიღმა რჩებიან.

საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს და შეიმუშავოს ყველა საჭირო ადმინისტრაციული, ფინანსური თუ საკანონმდებლო ღონისძიება, რათა თითოეულ ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს განათლების ყველაზე ეფექტურ და ხარისხიან ფორმაზე. თუმცა, ომბუდსმენის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ უფლების განხორციელება ქვეყანაში დღემდე უმწვავეს პრობლემად რჩება.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა – გადაუდებლად დაიგეგმოს და განხორციელდეს სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებები და ამ მიზნით გამოიყოს საჭირო მატერიალური და ფინანსური რესურსი. ასევე, სკოლის ადმინისტრაციამ და მუნიციპალურმა ორგანოებმა კოორდინირებული თანამშრომლობით, უნდა დაიგეგმონ კონკრეტული და ალტერნატიული ღონისძიებები სკოლის ახალი შენობის აშენებამდე, სოფელ აზავრეთში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ამ უფლების უწყვეტობის მისაღწევად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)