სახალხო დამცველი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-10 სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს
ანგარიშში მიმოხილულია 2024 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზების მხრივ არსებული დაბრკოლებები, რომლებსაც სხვადასხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ და ასახულია უწყებებისადმი გაცემული რეკომენდაციები.
დოკუმენტში შეფასებულია გასული წლის მანძილზე მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებები და მიღებული კანონები, ასევე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით არსებული მექანიზმის - სავალდებულო კვოტირების გაუქმება. ამასთან, ყურადღებაა გამახვილებული პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხზე.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 127 ფაქტი შეისწავლა. 2024 წელს სახალხო დამცველმა თანასწორობის საკითხებზე 7 რეკომენდაცია და 4 ზოგადი წინადადება მოამზადა. ამასთან, თანასწორობის მექანიზმის 10-წლიანი საქმიანობის განმავლობაში პირველად, სახალხო დამცველმა 2024 წელს 2 საქმეზე მორიგების აქტი გააფორმა.