სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, მათ შორის ლტოლვილი ბავშვებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბავშვის უფლებათა საკითხებზე

2025 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ჩართულობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ბავშვის უფლებათა საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის ორი საჯარო სკოლის — №169-ისა და №32-ის — მოსწავლეები. აღნიშნული სკოლები იმ სკოლებს შორის იყვნენ, სადაც 2024–2025 წლებში UNHCR-თან თანამშრომლობით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (TPDC) ქართული ენის ახალი სასწავლო რესურსების პილოტირება განახორციელა.

ღონისძიება გახსნეს სახალხო დამცველის მოადგილემ და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს ბავშვის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე და ბავშვების ინფორმირების როლზე უფლებების რეალიზების პროცესში.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების გაზრდა თავიანთი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინტერაქტიურ ფორმატში იმსჯელეს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებასა და ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობაზე. ასევე, ბავშვის უფლებებზე, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ დაცვის მექანიზმებზე და იმ ზოგად მიდგომებზე, რომლებიც სკოლებში მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოში, რა დროსაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, თუ რას ნიშნავს მათთვის მრავალფეროვნება, რა გამოწვევებს ხედავენ სასკოლო და სოციალურ გარემოში და რა როლი აქვს სახელმწიფოს, სკოლასა და საზოგადოებას იმისთვის, რომ თითოეულმა ბავშვმა თავი დაცულად და მხარდაჭერილად იგრძნოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)