რეკომენდაციები

რეკომენდაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეებს

2016 წლის 8 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას, თავისი საქმიანობის ფარგლებში განიხილოს და შემჭიდროვებულ ვადებში მიიღოს გადაწყვეტილება გ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის აღდგენა/გამაგრებითი სამუშაოებისათვის თანხის გამოყოფის საკითხზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები გ.ხ.–ს განმარტებით მისი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დააზიანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილმა რამდენიმე ჭურვმა. ამ ფაქტს ასევე ადასტურებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 თებერვლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის აღდგენის თხოვნით, თუმცა 2009 წლიდან მოყოლებული, ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არც ერთ წელს არ აღმოჩნდა თანხა განმცხადებლის თხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სახალხო დამცველმა მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მოეწოდებინა ინფორმაცია უკვე გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განმცხადებლის სახლის აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით. პასუხად სახალხო დამცველს აცნობეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ მიმდინარე წლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს აფინანსებს, შესაბამისად მოქალაქის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

სათანადო საცხოვრებლის უფლება აღიარებული და გარანტირებულია რიგი საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. ეს მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის განმარტებით, გულისხმობს „ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლებას“.

საჭიროა უმოკლეს ვადაში გამოიყოს თანხები სახლის გამაგრებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, რათა განმცხადებელი და მისი ოჯახი არ დარჩეს სათანადო საცხოვრებლის გარეშე, რაც დაარღვევს როგორც ამ პირთა უფლებას, ასევე, მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)