სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“
ანგარიში მიმოიხილავს იმ პრობლემებს, რომლებიც შეექმნათ ადგილობრივ მკვიდრთ გადასასვლელების გაუქმების შედეგად აფხაზეთის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებდა გაეუქმებინა არსებული გამშვები პუნქტები, მდინარე ენგურის პუნქტის გარდა. 5 გამშვები პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონი - 2016 წლის აპრილში გაუქმდა. 2017 წლის 4 მარტს ასევე შეწყვიტა ფუნქციონირება ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვებმა პუნქტებმა. შედეგად, გადაადგილებისათვის მხოლოდ ორი - ენგურის და საბერიო-წყოუშის გადასასვლელი დარჩა.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით გადასასვლელების გაუქმება და სანქციების გამკაცრება არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების მიღების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებებით.