“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენცია (CRPD) – 2006 წელის 13 დეკემბერს მიიღეს. მას ამჟამად 156 წევრი სახელმწიფო ჰყავს. კონვენცია წარმოადგენს უნივერსალური კონსენსუსის შედეგს, რომელიც ავსებს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს და ამკვიდრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას.
კონვენციის იმპლემენტაციისა და ამ პროცესის მონიტორინგისთვის ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მექანიზმების არსებობა გათვალისწინებულია მისი 33–ე მუხლით. წევრ სახელმწიფოების ეკისრებათ ვალდებულება, განსაზღვრონ ერთი ან რამდენიმე ძირითადი ორგანო მთავრობაში (საკონტაქტო უწყება), რომლის ფუნქცია იქნება კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და კოორდინაცია. ასევე, სახელმწიფო ვალდებულია დაასახელოს ან გააძლიეროს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებული მექანიზმი კონვენციის იმპლემენტაციის პოპულარიზაციის, დაცვისა და მონიტორინგისთვის.
საქართველომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი ჯერ კიდევ 2009 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სავალდებულო ძალის მქონე 2014 წლის აპრილიდან არის (მას შემდეგ, რაც 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა მისი რატიფიცირება). სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონვენციაში მოცემული სტანდარტების ჰარმონიზაცია, იმპლემენტაცია და დაცვა.
2014 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ მინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს #6 სხდომაზე გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დასახელდა.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს.