სახალხო დამცველმა გიორგი მამალაძე საავადმყოფოში მონახულა
2019 წლის 18 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გიორგი მამალაძე მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. სახალხო დამცველი ესაუბრა თავად გიორგი მამალაძესაც და კლინიკის ხელმძღვანელობას.
სახალხო დამცველის თქმით, მსჯავრდებული კონტაქტურია, მისი ძირითადი ჩივილი მარჯვენა ხელისა და ფეხის მოძრაობის შეზღუდვაა; ექიმებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მას უტარდება არაერთი გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზი უახლოეს ხანებში დაისმება.
საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, სახალხო დამცველმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა დეკანოზის შეწყალებას შეწყალების კომისიის წევრობისას. „მე თავად ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი, რომელზეც დეკანოზ მამალაძის საქმე განსაკურებული წესით იყო გამოტანილი. მე მაშინ მხარი დავუჭირე შეწყალებას, თუმცა, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო კონსესუსი და ეს კონსესუსი არ შედგა.
ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მთელი რიგი საკითხებია პასუხგაუცემელი და ამაზე დასკვნაშიც ვსაუბრობდით. ვინაიდან, საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანად ჩატარდა და სხვა საპროცესო ქმედებებთან დაკავშირებითაც პრობლემები იკვეთებოდა, ვფიქრობდი, რომ შეწყალება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. რა იქნება მომავალში, ეს არის ახალი პრეზიდენტის პრეროგატივა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი მამალაძე აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 15 თებერვალს გადაიყვანეს.