საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ სექსისტურ გამონათქვამებს ეხმიანება
საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან. მათ შორის, აღსანიშნავია პოლიტიკოს თინათინ ბოკუჩავას და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.
საგანგაშოა, რომ სექსისტური ფრაზების ავტორები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩევითი ორგანოების - პარლამენტის და საკრებულოების წევრი კაცები არიან. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეფუძნება ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკას, არამედ განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით და აქცენტს მსხვერპლის სქესსა და სექსუალობაზე აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სექსისტური გამონათქვამები ქალთა მიმართ პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, რომელიც არა რეალურ კრიტიკას და ოპონირებას, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების დამცირებას ისახავს მიზნად.
მსგავსი შემთხვევების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობის შედეგად, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, დუმილის კულტურის დარღვევას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლაზე მიმართულ მუშაობას, ძალადობის და დისკრიმინაციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.
პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
ამასთან, ქალთა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვის საპასუხოდ, აუცილებელია, დადგეს სექსისტური გამონათქვამების ავტორების იმგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება მომავალში დისკრიმინაციისა და ძალადობის წამახალისებელი გამონათქვამების გავრცელებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საჯარო ფუნქციის მატარებელ თითოეულ პირს თავი შეიკავონ დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მათი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შემუშავებულ იქნეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამების შემთხვევაში სამართლებრივი სანქცია იქნება გათვალისწინებული.