სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით მხარეებს შორის მორიგების აქტი გაფორმდა

2024 წლის 17 აპრილს სახალხო დამცველმა პირველად გააფორმა მორიგების აქტი მხარეებს შორის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე.

ხაზგასასმელია, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ამოქმედდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, სახალხო დამცველმა პირველად გამოიყენა ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული - მხარეთა მორიგება.

საქმე ეხებოდა ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდებაზე უარის თქმას სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით.

2024 წლის 3 აპრილს, სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით მოპასუხემ აიღო ვალდებულება მომხმარებელს აღუდგინოს საწყლოსნო კომპლექსის სერვისებზე წვდომა.

სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა გამოიჩინეს ურთიერთპატივისცემა, გულისხმიერება და შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს სახალხო დამცველი განახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და ეცდება სამომავლო საქმიანობაში სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე უფრო ფართოდ გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)