წინადადებები

სახალხო დამცველი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლას ითხოვს

2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა 7 უცხოელი პირისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სამინისტროში კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის 7 მოქალაქეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით უარი უთხრა საქართველოში შემოსვლაზე. საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროდან ყველა საქმეზე გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი შემთხვევა გახდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლი; ასევე რომელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავდა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები პრაქტიკაში“. სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძვლად იყენებს და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგა კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა. „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, იგი ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება