სპეციალური ანგარიშები

სპეციალური ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მდგომარეობის შესახებ

სპეციალურ ანგარიშში ასახულია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, რისი შესწავლა და დაცვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 700-ზე მეტ დევნილს. მოცემული ანგარიში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებს და შესწავლილი შემთხვევების ანალიზს ეყრდნობა.

2015 წლის მსგავსად, 2016 წელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2016 წელი ყველაზე მასშტაბური დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესით გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ განსახლების ობიექტებში მცხოვრები 179 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.

დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის ზოგადი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების აღნიშნული ჯგუფის ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. ესენია: დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას დევნილთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინფორმირებულობას. კვლავ პრობლემას წარმოადგენს გარკვეულ ობიექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ასევე, ყოფილი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის პროცესი და სარემონტო სამუშაოების დაბალი ხარისხი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს სამინისტრომ, გრძელვადიანი განსახლების პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, დაიწყო მუშაობა დევნილთა საჭიროებაზე მორგებულ მიდგომაზე გადასასვლელად. იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მიზნით, აუცილებელია საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლა. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და საჭიროებებზე მორგებული დახმარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება