სპეციალური ანგარიშები

სახალხო დამცველის რეკომენდაციების 50 პროცენტი არ შესრულდა

სახალხო დამცველმა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საზოგადოებას სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებული კვლევა წარუდგინა, რომელიც 2008–2013 წლების პერიოდს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, 5 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს სულ 614 რეკომენდაცია გაუგზავნა, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი, 309 შესრულდა, 21 რეკომენდაცია კი უწყებებმა ნაწილობრივ შეასრულეს.

ყველაზე მეტი რეკომენდაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს გადაეგზავნა.

* * *

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2013 წელს გაგზავნილ რეკომენდაციათა შესრულება. შესრულების ყველაზე მაღალი ხარისხი – 100% წარმოაჩინა უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტმა, სერვისების განვითარების სააგენტომ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, გლდანი–ნაძალადების გამგეობამ და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა.

0% – სახალხო დამცველის რეკომენდაცია საერთოდ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პარლამენტმა, ფინანსთა სამინისტრომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რუსთავის მერიამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. სახალხო დამცველის რეკომენდაცია ასევე არ გაითვალისწინა ქვეყნის ათამდე მუნიციპალიტეტმა.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი – 16 რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს გაეგზავნა, აქედან უწყებამ 13 სრულად და 2 ნაწილობრივ შეასრულა. მთავარმა პროკურატურამ 22 რეკომენდაციიდან 12 სრულად შეასრულა, 1 ნაწილობრივ, ხოლო 9 შეუსრულებელი დარჩა.

მხოლოდ 22%–ით შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 25%–ით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 29%–ით თბილისის მერიამ. 50%–ით კი თავდაცვის სამინისტრომ.

* ცალკე აღნიშვნის საგანს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციებისადმი დამოკიდებულება. 5 წლის განმავლობაში გაგზავნილი 27 რეკომენდაციიდან უწყებამ მხოლოდ ერთი შეასრულა, 26 კი რეაგირების გარეშე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რიგ რეკომენდაციებზე უწყებებიდან პასუხი საერთოდ არ მოსულა, რაც კვლევაში ავტომატურად შეუსრულებელ რეკომენდაციად დაფიქსირდა.

კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელმა ექსპერტმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება