სპეციალური ანგარიშები

არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა

წინამდებარე ანგარიშში საზოგადოება გაეცნობა 38 კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ანალიზს. ყველა საქმეზე გამოძიება ისე წარიმართა და დასრულდა, რომ შედეგი არ დამდგარა, კონკრეტული პირი პასუხისგებაში არ მიცემულა, გამოძიება ისე შეწყდა, რომ სავარაუდო მსხვერპლი არც ერთ შემთხვევაში არ სცნო გამოძიებამ დაზარალებულად.

გამოძიებას სერიოზული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ჰქონდა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. მიუხედავად ვალდებულებისა, გამოძიება დაეწყო და ეწარმოებინა პროკურატურას, ეს მოთხოვნა მრავალ საქმეში არ შესრულდა. გამოძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ის უწყებები, რომელთა თანამშრომლების მიმართაც არასათანადო მოპყრობის ჩადენის ეჭვები არსებობდა.

მიუხედავად საკანონმდებლო მოთხოვნისა, გამოძიება დაიწყოს დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გამოძიება 26 შემთხვევაში დაუყოვნებლივ არ დაწყებულა. ზოგ შემთხვევაში გამოძიება არაგონივრული გაჭიანურებით დაიწყო, ხშირ შემთხვევაში თვეების დაგვიანებითაც კი, რაც ცხადია არსებითი ხელისშემშლელი გარემოება შეიძლება გამხდარიყო მტკიცებულებების მოპოვების პროცესში.

შესწავლილი საქმეების უმეტესობაში გამოძიება არ იყო ორიენტირებული ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებაზე; არც ერთ საქმეში არ ჩატარებულა ამოცნობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა მოპოვებული რელევანტური ვიდეო ჩანაწერები; არც ერთ საქმეში არ ჩატარებულა ფარული საგამოძიებო მოქმედება; არ გამოყენებულა მსხვერპლის დაცვის სპეციალური ღონისძიება. 12 საქმეში არ გატარებულა უსაფრთხოების ღონისძიება და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლი პატიმარი ისევ (სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი) ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ დარჩა. არც ერთი სავარაუდო მოძალადე საჯარო მოხელე არ გადაუყენებიათ თანამდებობიდან; მხოლოდ 1 შემთხვევაში ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები – მსხვერპლის მოთხოვნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება