სპეციალური ანგარიშები

ანგარიში N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ

2016 წლის 12 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში 2014 წლიდან დაიწყო და ვიზიტის განხორციელების დროს დასრულებული იყო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროს აშკარა იყო ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა. ჯგუფის წევრებთან საუბრისას ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრების მიმართ დამამცირებელ და აგრესიულ დამოკიდებულებას ავლენდნენ. ვიზიტის დროს, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან პატიმრის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ერთი ფაქტი გახდა ცნობილი.

შემოწმებისას გაირკვა, რომ დაწესებულებაში ადგილი აქვს გაურკვეველი წარმომავლობის, ასევე საეჭვო ხასიათის და ლოკალიზაციის ტრავმებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ N6 დაწესებულებაში დაზიანებების დოკუმენტირება არ ხდება „სტამბოლის პროტოკოლით“ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ დაწესებულების დირექტორის ბრძანებები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გამო გახდა აუცილებელი ასეთი ზომის გამოყენება.

ახალგარემონტებულ საკნებში დამონტაჟებულია ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემა (ვიდეოკამერები), რომლის არეალშიც ექცევა საპირფარეშოს სივრცე და უზრუნველყოფილი არ არის პატიმრის პრივატულობა.

დაწესებულებაში არ ხორციელდება ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო აქტივობები. პრაქტიკულად შეუძლებელია კონფიდენციალური საჩივრის გაგზავნა ისე, რომ არ მოხდეს საჩივრის ავტორის იდენტიფიცირება. მართალია, ტელეფონის აპარატები სამორიგეო ოთახიდან გამოიტანეს, მაგრამ კვლავ პრობლემად რჩება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ N6 დაწესებულების დებულების თანახმად, მსჯავრდებულები ვალდებულნი არიან დაწესებულების დირექტორს მიაწოდონ მათი საკონტაქტო ნომრები, რომლებთანაც განახორციელებენ სატელეფონო ზარებს. ამ ნომრების გარდა, ვერ შეძლებენ სხვა სატელეფონო ნომრებზე ზარის განხორციელებას, თუ ხელახლა არ მიმართავენ დაწესებულების დირექტორს წერილობით და არ შეცვლიან ან/და დაამატებენ ტელეფონის ნომერს. ამ შემთხვევაში პრობლემური ხდება პატიმრის მიერ ისეთ უწყებებთან დაკავშირება, როგორიცაა სახალხო დამცველი, გენერალური ინსპექციები და სხვა, ვინაიდან აღნიშნულ ნომრებზეც მოქმედებს ეს წესი.

2015 წელს პატიმართა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით 34,3%-ით გაიზარდა დისციპლინური სახდელის დაკისრების პრაქტიკა.

ვიზიტების შედეგად, დადგინდა, რომ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმეტესობას პრობლემები აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პატიმრები უზრუნველყოფილი იქნან დროული და ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარებით, რისთვისაც აუცილებელია დაწესებულებაში დამატებული იქნას ფსიქიატრის შტატი.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემურია ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში პატიმარი მოკლებულია ოჯახის წევრებთან ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია ფიზიკური გამყოფი ბარიერები, მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური ურთიერთობის საშუალება იყოს აღიარებული ნორმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება