სიახლეები

შეხვედრა კახეთის რეგიონის სოციალურ მუშაკებთან ოჯახში ძალადობის თემაზე

2017 წლის 2 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კახეთის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგიონის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის თელავის, გურჯაანის, ახმეტისა და ყვარლის სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სახალხო დამცველის გამოცდილებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებზე. ასევე განიხილეს სტამბულის კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების შესახებ.

თავის მხრივ სოციალურმა მუშაკებმა ყურადღება გაამახვილეს მუშაობის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათ შორის, ადამიანური რესურსის სიმცირეზე იმ ვალდებულებების ფონზე, რომლებიც მათ აკისრიათ გენდერული ძალადობის საქმეების შესწავლისა და მონიტორინგის მიმართულებით.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარატამენტის გენდერის სამოქმედო გეგმის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს კახეთის რეგიონში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქტიურ მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება