სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“

2017 წლის 29-31 მაისს, გუდაურში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა“, სადაც განხილული იყო საკითხები გენდერული თანასწორობის პრინციპებისა და ქალთა უფლებების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. ტრენინგს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის 19 სტუდენტი დაესწრო.

სამი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობის კონცეფცია, დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით, მათ შორის საზოგადოების აღქმა, სტერეოტიპები და მედიაკონტენტი, სექსიზმი მედიაში, სქესთან, გენდერთან და ორიენტაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, მითები და სტერეოტიპები. მათ ასევე მიეწოდათ რეკომენდაციები ზემოხსენებული საკითხების გაშუქების მიმართულებით.

სასწავლო კურსი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდებს. თეორიული მასალის მოსმენის გარდა, ძირითადი ფოკუსი გაკეთდა დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, ჯგუფურ სავარჯიშოებზე, პრეზენტაციებსა და ფილმის ჩვენებებზე. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა.

ტრენინგს წარუძღვნენ: ადგილობრივი ექსპერტები - ზვიად ქორიძე და ეკატერინე აღდგომელაშვილი და საერთაშორისო ექსპერტი - მონიკა ელენა.

გამომდინარე იქედან, რომ გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ, მნიშვნელოვანია მათ მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ რათა მოხდეს პირველ რიგში ჟურნალისტების, ხოლო შემდგომ საზოგადოების სწორად ინფორმირება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებების აკადემია მომავალშიც განაგრძნობს ჟურნალისტების გადამზადებას გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების მიმართულებით

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება