სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული მსვლელობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მსვლელობას სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ - „არ დავთმოთ ღამე“ და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხისადმი საზოგადოების ფართო დაინტერესებასა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით. ამასთან აუცილებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციის სხვა ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი. ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველი პირველი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციას და შესაბამისი რეაგირების პროცედურულ წესს ადგენს. ამასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულია ელექტრონული სასწავლო კურსი დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს დაინტერესებულ პირებთან, დაეხმაროს კერძო და საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების რეგულაციების შემუშავებასა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ამასთან, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ოფისებს, მიაწოდონ ინფორმაცია ელექტრონულად ან ცხელი ხაზის 1481 მეშვეობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება