სიახლეები

საჯარო დებატები: ადრეულ ასაკში ქორწინება – გამოწვევები და გადაჭრის გზები

2016 წლის 25 მარტს საქართველოსსახალხოდამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე – „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“. საჯარო დებატების მიზანს წარმოადგენდა ღია დისკუსიის ორგანიზება საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე არსებული მდგომარეობის და გამოწვევების შესახებ, ასევე, სამომავლო გზების დასახვა არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.

საქართველოს სახალხო დამცველმა თავის მისასალმებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა და ისაუბრა ძირითად ტენდენციებზე.მანვე აღნიშნა, რომ გავრცელებულია ნიშნობებისა და იძულებითი ქორწინების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა, ასევე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს.

დიდიბრიტანეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში ტიფანი სედლერმა აღნიშნა, რომ ადრეული ქორწინება მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას და განვითარებას. ასევე, აღინიშნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე გამოცემული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, რომელმაც შესავალ ნაწილში ისაუბრა ადრეულ ასაკში ქორწინების გამომწვევ მიზეზებსა და თანმდევ შედეგებზე. ასევე მიმოიხილა ძირითადი რეკომენდაციები ადრეული ქორწინების პრევენციისათვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ადრეული ქორწინების პრევენციის და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების სფეროში. ასევე, სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე; მათ შორის, სკოლის მიტოვების ფაქტების აღრიცხვიანობის სისტემის შემოღებასა და არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – ნინო ბერძულმა ისაუბრა სოციალური მუშაკების როლსა და ჩართულობაზე; ასევე, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე; მათ შორის, ექიმების როლის გააქტიურების მიმართულებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ადრეული ქორწინების და ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა გააქტიურებულ და ეფექტიან რეაგირებაზე, მიმოიხილა სტატისტიკური მონაცემები. აღინიშნა, რომ სამინისტრო მზადაა განახორციელოს უფრო მეტი ცვლილება, რათა გაიზარდოს სამართალდამცავთა როლი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის და შემთხვევების მართვის პროცესებში. სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელსა და კანონმდებლობის აღსრულების ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა. ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს და არსებული საკანონმდებლო რეგულაციების გაუმჯობესებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ისაუბრა ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის აღიარების მნიშვნელობასა და სწორი დეფინიციების გამოყენების მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება არასრულწლოვანის ინტერესების დარღევა და ძალადობა „ოჯახის შექმნით“ გამართლდეს. ასევე ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციის პრობლემებზე და რეაგირებისას არსებულ ხარვეზებზე როგორც სამართალდამცავი ისე სოციალური მომსახურების გამწევი ორგანოებისგან.

საქართველოს სახალხო დამცველისაპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის – „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ ძირითადი მიგნებები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთანაა მჭიდრო კავშირში და სერვისების არაეფექტიან მიწოდებასთან ერთად საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

საქართველოსმთავრობისადამიანისუფლებათასამდივნოსმრჩეველმა მარიამ ჯაჯანიძემ უწყებათაშორისი კოორდინაციის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მომხსენებელმა მიმოიხილა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში ასახული ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და შემთხვევების მართვის პროცესებში განსახორციელებელი აქტივობები.

მოხსენებებისშემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცა შეკითხვები დაესვათმომხსენებლებისთვის და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები.აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ბოლნისიდან, მარნეულიდან და დმანისიდან, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ პრობლემებს და ისაუბრეს კონკრეტული შემთხვევების შესახებ.

ღონისძიებაჩატარდაევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ და ბრიტანეთის საელჩოს პროექტის „გოგონების უფლებების დაცვა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია“ ფარგლებში.

25.03.16
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება