სიახლეები

გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველის პრაქტიკის გაზიარება ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე

2015 წლის 27–30 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე სხილაძე ყაზახეთში გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას „ინტეგრირებული მიდგომების პოპულარიზაცია გაეროს ადამიანის უფლებადაცვითი მექანიზმების რეკომენდაციების განსახორციელებლად“ დაესწრო.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ყაზახეთის მთავრობის მიერ ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და გაეროს ადამიანის უფლებადაცვითი მექანიზმების რეკომენდაციების გათვალისწინებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სპეციალური სტუმრის რანგში, ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინების საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად.

ეკატერინე სხილაძემ მოხსენებისას ისაუბრა საქართველოში გენდერული პოლიტიკის განვითარების ისტორიასა და აქტივობებზე, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაში გენდერული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობასა და არსებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე.

შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცენტრალური აზიის ოფისების ორგანიზებით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)