სიახლეები

ადრეული ქორწინების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან

2015 წლის 30 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში ლეილა მამედოვა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების პრევენციის მიმართულებით, მათ შორის სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივისა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება და ადგილობრივი აქტორების მიერ მარნეულში ადრეული ქორწინების მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა.

შეხვედრის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაია ფელიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ლეილა მამედოვა და მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ხუხუა.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა სახალხო დამცველის ინიციატივაზე 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე. „გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვნების მშობლები არიან, ცვლილება საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ მსგავსი ფაქტების პრევენცია და პატივსადები მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე“ – აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში ლეილა მამედოვამ.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის - ,,ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრის მხარდამჭერი იყო მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ქალთა მოძრაობა საქართველოში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)