სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები

სახალხო დამცველმა შშმ ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2017 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ბავშვს აქვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ქცევითი აშლილობით, რომელიც მოითხოვს მკურნალობას, იგი ირიცხება ერთ-ერთ დღის ცენტრში. 2014 წლიდან ბავშვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც, დღის ცენტრმა შეწყვიტა ბავშვისთვის მომსახურების მიწოდება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის N138 დადგენილებით დღის ცენტრების ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს მსგავსი მდგომარეობის ბავშვებისათვის უსაფრთხოების და ინდივიდუალური საჭიროებების უზრუნველყოფას. აღნიშნული ასევე არ იქნა გათვალისწინებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებაში. საბოლოოდ, ბავშვი ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩაერთო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბინაზე მომსახურების პროგრამა ვერ ეხმარება ბავშვს განვითარებაში, ვინაიდან მას ფაქტობრივად შეეზღუდა სოციალურ გარემოსთან კონტაქტი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გონივრული მისადაგების პრინციპზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება