სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ასაკის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით

2016 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) სარჩელზე, რომელიც ეხება სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს ასაკის ნიშნით.

განმცხადებელი სარჩელში მიუთითებს, რომ იგი ასაკის ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდებარა სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის ბატონ რ.კ.-ს მხრიდან, ვინაიდან ასისტენტ-პროფესორის პოზიციის დასაკავებლად, გარდა იმისა, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრაქტიკოსი მუსიკოსი, იგი ასევე უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული კრიტერიუმი თანამშრომელთა ასაკის დაბალანსებას და ახალგაზრდა თაობის წახალისებას ემსახურება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა წარმოადგინა შრომით წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის გამოვლენის ტესტი, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, ასევე, ასახა ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკა და განსხვავება ისეთ შემთხვევებს შორის, როდესაც ასეთი მოპყრობა, ერთი მხრივ, გამართლებულია, მეორე მხრივ, კი დისკრიმინაციას წარმოადგენს. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა პოზიტიური ღონისძიებების გამოყენების სტანდარტები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება