სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება შრომით ურთიერთობებში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე

2023 წლის 4 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.ჯ.-ს საქმესთან დაკავშირებით, რომლის ინტერესებს სასამართლოში ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე 2019 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის 4 თებერვლამდე დასაქმებული იყო შპს „ფორმულაში“ ოპერატორის პოზიციაზე. გ.ჯ.-სთან, ისევე როგორც ახალი ამბების დეპარტამენტის საინფორმაციო სამსახურის კიდევ 23 ვიდეოოპერატორთან შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 3 თებერვალს შეწყდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. აღნიშნულს წინ უსწრებდა 2023 წლის 1 თებერვლიდან შრომის ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, ახალი ამბების დეპარტამენტის ვიდეოოპერატორების საპროტესტო რეჟიმში გადასვლა, რის გამოც, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები გატარდა.

მოსარჩელის მოსაზრებით, იგი განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას დაექვემდებარა, ვინაიდან დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებისა და მათი გათავისუფლების წინაპირობა შრომის ანაზღაურების მატების თაობაზე შეხედულება და გაფიცვის გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა მიუღებელ პოზიციად ფასდება და, ხშირად, საფუძვლად ედება განსხვავებული მოსაზრების გამო, მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ სასამართლო დავას, შესაძლოა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ვინაიდან შრომის პირობებთან დაკავშირებით დასაქმებულთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ მათი გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული კოლექტიური აქტივობების მიმართ დამსაქმებელთა უარყოფითი დამოკიდებულებები, შესაძლოა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის პროცესში მნიშვნელოვან საფრთხეებს უკავშირდებოდეს.

წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით, სახალხო დამცველი სასამართლოს წარუდგენს საქმისათვის რელევანტურ, ადამიანის უფლებათა ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა იდენტიფიცირება უმნიშვნელოვანესია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრისა და კოლექტიური შრომითი უფლებების რეალიზაციის კონტექსტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)