რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მიმოსვლის თავისუფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით

2013 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა არაერთი შემთხვევა, როცა ადგილი ჰქონდა გადაადგილების თავისუფლების, ან მის საფუძველზე, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების სავარაუდო დარღვევას, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი შემთხვევები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოები, უცხოელთათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმისას, არ ითვალისწინებს მათ კავშირებს საქართველოსთან. განხილულმა საქმეებმა წარმოაჩინა, რომ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთხელ უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე უცხოელებს იმ საფუძვლით, რომ საქართველოში მათი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში შემოსვლაზე უცხოელებს უარი ეთქვათ მაშინ, როცა მათი ოჯახის წევრები საქართველოში ცხოვრობენ. ხოლო, ერთ–ერთ შემთხვევაში გაირკვა, რომ თავად უცხოელ მოქალაქეს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, მაგრამ მიუხედავად მოცემული გარემოებისა, ზემოთ მითითებული საფუძვლით უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არ წარუდგინა ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები გახდა მითითებული მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი.

2013 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა შემთხვევები, როდესაც, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეეზღუდათ ქვეყნის დატოვების უფლება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხილულ ერთ–ერთ საქმეში, საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევის საქმეში, გამოიკვეთა, რომ მან არაერთხელ სცადა ინგლისში გამგზავრება 2014 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, თუმცა, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს სამინისტროს თანამშრომლებმა არ გაატარეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. აღნიშნული საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის საიხან მუზაევის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლით გათვალისწინებული მიმოსვლის თავისუფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას, რამაც მოქალაქის კანონისმიერი უფლებების შელახვა გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს – უზრუნველყოს მისი უწყებების მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან/და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოში შემოსვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს – არ დაუშვას საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა.

საქართველოს სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია შესულია 2014 წლის მარტში საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშში – „2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება