რეკომენდაციები.

სახალხო დამცველი ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ერთ და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ორ საქმეზე რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის არგუმენტით ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.ფ.ა.-ს უარი განუცხადა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. იგივე საფუძველზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს პ.ი.-ს და ლ.მ.-ს უარი ეთქვათ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე. კანონმდებლობის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწვდის. საქართველოს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ის დოკუმენტაცია გამოითხოვა, რაც საფუძვლად დაედო დასახელებულ პირებთან მიმართებაში სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესის არსებობას.

მოწოდებული კორესპონდენციის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიზეზი არცერთ შემთხვევაში არ იყო დასაბუთებული. ამასთან, სააგენტოს სამართლებრივ აქტებში არ იყო მითითებული კანონით განსაზღვრულმა, კონკრეტულად რომელმა შემთხვევამ განაპირობა დასახელებული ინტერესის დაცვის საჭიროება. ამდენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დოკუმენტებითა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამართლებრივი აქტებით, განმცხადებლებსდაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და რ.პ.-სთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის, ხოლო პ.ი.-სთვის და ლ.მ.-სთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე ახალი დასაბუთებული დოკუმენტების მომზადება და სააგენტოსთვის მიწოდება მოითხოვა. ამავე რეკომენდაციებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასახელებული პირების მიმართ ბინადრობის ნებართვის გაცემის და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დასაბუთებული სამართლებრივი აქტების გამოცემა მოეთხოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება