რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

2016 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების სამორიგეოს უფროსი ინსპექტორის ბ.დ.–ს დარღვეული შრომითი უფლების აღსადგენად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა.

წარმოდგენილ განცხადებაში ბ.დ. აღნიშნავდა, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან მისივე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა აღნიშნულ ქმედებას წინ უძღოდა შემდეგი გარემოებები: 2015 წლის მარტში ბ.დ. დაიბარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების მაშინდელმა დირექტორმა და აცნობა, რომ მინისტრი განაწყენებული იყო აღნიშნულ დაწესებულებაში ვიზიტისას, ბ.დ.–ს მორიგეობის დროს, სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო მსჯავრდებულთან შეხვედრით. დირექტორმა ბ.დ.–ს მოუწოდა საკუთარი ნებით დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დაითხოვდნენ და პირადი საქმე გაუფუჭდებოდა. ბ.დ.–მ საქართველოს სახალხო დამცველს განუმარტა, რომ მან ხელმძღვანელი პირის მხრიდან ზეწოლის შედეგად, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა პატაკი დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ბ.დ.–ს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.

ბ.დ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესწავლის შედეგად ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ შესაძლოა აღწერილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყოფილიყო, შესაბამისად, გასული წლის 19 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას წინადადებით მიმართა, დაეწყოთ გამოძიება ბ.დ.–ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება და არ დაიწყო გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, საქმეში არსებული გარემოებების ერთობლიობა მიუთითებს, რომ ბ.დ.–ს მიერ გამოხატული ნება – დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა – არ იყო ნამდვილი. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ბ.დ.–ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევის შედეგად გამოსცა. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ დაადგინა, ნამდვილი იყო თუ არა თანამშრომლის ნება დაეტოვებინა სამსახური და მის მიმართ ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ადგილი. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში არაერთხელ იქნა მითითებული, რომ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა/დაწესებულებებმა საჯარო მოხელეების გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც მოხელე საკუთარი განცხადების საფუძველზე ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დეტალურად უნდა შეისწავლონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათ სამართლებრივ აქტში ასახვისას მიუთითონ ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნას, ბ.დ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, წარმოადგენს მინისტრის მიერ პირადად ან ამ საკითხისთვის სპეციალურად შექმნილი კომისიის მეშვეობით იქნას შესწავლილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების ყოფილი დირექტორის მხრიდან ბ.დ.–ზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერის მიზნით იძულების საკითხი, ასევე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული წარმოების კანონმდებლობის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება