რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია მოხელის გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შ.მ.–ს გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ შ.მ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო შტატების შემცირება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში განმცხადებელს 3 წლამდე ასაკის შვილი ყავდა.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ქალთა შრომის უფლება სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დედობის უფლების სათანადო რეალიზაციის უზრუნველსაყოფად ასახული მოწესრიგება, რომელიც კრძალავს მოხელე ქალის გათავისუფლებას სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების გამო.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შ.მ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე ვალდებული იყო, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები ამგვარი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებების შესწავლის მიზნით, რაც სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა. კერძოდ, სამინისტროს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათ მცდელობას, შტატების შემცირების პროცესში, მოეძიებინათ ინფორმაცია მოხელე ქალთა ორსულობის ან/და მათ მიერ 3 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით შეილახა განმცხადებლის შრომის უფლება.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, მოხდეს შ.მ.–ს თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება